პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების გაგზავნას მხარი დაუჭიროს.
მარგველაშვილის განმარტებით, იგი მიზანშეწონილად მიაჩნევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის გაგზავნას.
"2013 წელს ხელის მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. ჩვენ ამ ოპერაციაში მონაწილეობაზე მივიღეთ მოწვევა, რასაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ამ მისიებში მონაწილეობა ზრდის როგორც გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, მე როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მიზანშეწონილად მივიჩნევ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის გაგზავნას და მივმართავ საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის განცხადებით, ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით 2013 წელი მნიშვნელოვანი იყო.
,,2013 წელი მნიშვნელოვანი იყო ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით. ჩვენ მიღებული ვიქენით ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და საუკეთესო შეფასებები მივიღეთ 2013 წლის ეროვნული პროგრამის შესრულებისთვის", _განაცხადა მარგველაშვილმა.