ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე, ევროპარლამენტართა წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
გამოსვლაში მინისტრმა ძირითადად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებზე, შემდგომ გეგმებსა და მიზნებზე, ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობას ხელი შეუწყოს საერთო ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას და მეტი ინტენსიობით გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების პროცესი, ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად. ამ მიმართულებით, მან ევროპარლამენტარებს მოკლედ გააცნო ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კონტექსტში, მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის, ბიზნესის ხელშეწყობის, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით.
მაია ფანჯიკიძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უსაფრთხოებისა კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ევროკავშირის როლის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებთან შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.