„ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებს სამართალდამცავი ორგანოები დაუპირისპირა. როგორც ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო.
,,ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო მზადება, ჩვენ ვატარებთ შიდა არჩევნებს - პრაიმერებს. სამწუხაროდ, ამ პროცესს „ქართულმა ოცნებამ" დაუპირისპირა სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ.კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ კონკრეტული მოსამართლეები, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ვსაუბრობდით ამ მოსამართლეების მხრიდან ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაზე, როცა იხილებოდა ვანო მერაბიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. მაშინ ხელისუფლებამ საქმე ხელოვნურად გადაიტანა ქუთაისში, რადგან მათ ჰქონდათ გარანტია წინასწარი პატიმრობის შეფარდებისა.გუშინ იმავე ახალბედაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ხონის რაიონის გამგებელს, ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებლის მოადგილეს, მერაბ ჭელიძეს. ბრალდება სრულიად აბსურდულია - ეხება ოთხი წლის წინ 12 ათასი ლარის ღირებულების შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ბრალდების შინაარსიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება", _განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ მოსამართლეებს მოუწოდა არ გახდნენ ამ პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტი.