დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რუმინეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა რუმინეთის სენატის სპიკერთან, კრინ ანტონესკუსთან გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარლამენტის დელეგაციის წევრები: რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრი პაატა ბარათაშვილი, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი წერეთელი და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.
რუმინეთის სენატის სპიკერმა, კრინ ანტონესკუმ გამოხატა მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროპასა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს რუმინეთის გამოცდილების გაზიარება აღუთქვა. კრინ ანტონესკუმ ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და მისი გაღრმავების აუცილებლობაზე.
დავით უსუფაშვილმა ორ ერს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. - ,,მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ არ გვაერთინებს სახმელეთო საზღვარი, გვაერთიანებს შავი ზღვა და ეს კიდევ ერთი დამატებითი პირობაა, იმისთვის, რომ ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობები უკეთესად აეწყოს და თითოეულმა მოქალაქემ ამისგან სარგებელი მიიღოს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპისკენ და ნატოსკენ სწრაფვა არის არა ერთი პოლიტიკური ირგანიზაციის გადაწყვეტილება, არამედ მთელი ერის არჩევანი და ეს არის თემა, რომელზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდება. ,,ამ მიმართულებებით ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით დავანახოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ საქართველო მზად არის იყოს ევროპისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. გადაწყვეტილებები ჩვენ თვითომ უნდა ვეძიოთ და უნდა მივაწოდოთ მეგობრებს, თუ როგორ დაგვეხმარონ"-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ნატო და ევროკავშირი საქართველოსთვის არის როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი გამოწვევები. ,, ლონდონის სამიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ. აუცილებლად გვჭირდება წინ გადადგმული ნაბიჯები. მთავარია ქართველ ხალხს დავანახოთ და თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ გასაგებ ენაზე, რა კეთილდღეობას მოგვიტანს ეს პროცესი ჩვენ", -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სოჭის ოლიმპიადიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს. ,,ოლიმპიადაზე გუნდის გაგზავნა საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი, გვინდა პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ვაჭრობის სფეროში ნელ-ნელა აღდგება. დავნიშნეთ სპეციალური წარმომადგნელი და გვინდა, რომ ეს ყველაფერი სამშვიდობო გზით მოგვარდეს",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა რუმინულ მხარეს მხადაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა შავი ზღვის აუზის ქვეყნების მეგობრობისა და თანადგომის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთის სენატის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
კრინ ანტონესკუმ და დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
დავით უსუფაშვილამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა რუმინეთს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის იჩენს საქართველოს მიმართ ევრო და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. ,,საქართველოს კურსი ევროპისკენ შეუცვლელია. ვილნიუსის სამიტის შემდგომ ჩვენი ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერაა, რასაც ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი აქვს და ჩვენ, ჩვენი მეგობრების იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარებიან. ჩვენს ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ ითანამშრომლონ ბევრ სფეროში -ეკონომიკაში , ბიზნესში, ვაჭრობაში, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს",-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.