საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტი ევროპის საბჭოს მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს და მისი მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.
"საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების შედეგად მშვიდობიანად შეიცვალა. არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებით. ეს ძალიან კარგი ნიშანია და მჯერა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიც შესაბამისად ჩატარდება. ყველაფერი ეს საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ საქართველო სწორ გზაზეა. მომავალშიც ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, თუმცა, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არის რეფორმების საჭიროება", - განაცხადა ევროსაბჭოს გენმდივანმა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობას.
"სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების ერთობლივი განხორციელება სასარგებლო იქნება როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა იზიარებს საერთო ევროპუილ ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა პატივისცემას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით დადასტურდა საქართველოს ახალი მთავრობის ურყევი პოზიცია იხელმძღვანელოს ამ პრონციპებით", - განაცხადა საქართველოს საგარეონ საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
პრეზენტაციაზე მაია ფანჯიკიძისა და ტორბიორნ იაგლანდის გარდა სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ქრისტესაშვილი.
პრეზენტაციამდე შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შორის, ხოლო პრეზენტაციის დასასრულს მაია ფანჯიკიძემ და ტორბიორნ იაგლანდმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად.სამოქმედო გეგმის ჩართულობის სფეროებია:1 ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა
2. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა 3. პენიტენციური სისტემა და პოლიციის რეფორმა 4. მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება 5. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
6. კარგი მმართველობა 7.ადგილობრივი დემოკრატია
8. შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა 9. ნდობის აღდგენის მექანიზმები სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებს ევროპის საბჭო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, კერძოდ, სამინისტროებთან, სახალხო დამცველის ოფისთან, პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი პროექტი ხორციელდება ევროკავშირთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.