ბათუმის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ქალაქის საკრებულო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, თუმცა მანამდე საკრებულოში კონსულტაციები გაიმართება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა, მისთვის ბათუმის მერის განცხადება გადადგომის შესახებ მოულოდნელი იყო. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მისთვის ჯემალ ანანიძის არგუმენტები მიუღებელია.
„რაც შეეხება ბატონ ჯემალ ანანიძის გადადგომის განცხადებას, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მან ერთხელ უკვე დასვა ნდობის ვოტუმი. გულწრფელად გეტყვით, მისგან ამას არ ველოდი. თუმცა მისი ასეთი მერყევი ხასიათის გამო ზარალობს ქალაქი, მოსახლეობა და თვითმართველობის იმიჯი. აქედან გამომდინარე, დღეს ფაქტის წინაშე დავდექით. ბათუმის საკრებულო ეს არის კოლეგიალური ორგანო. ჩვენ შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც უხელმძღვანელებს მერიის მუშაობას. მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას და მე დავემორჩილები ამ გადაწყვეტილებას"- განმარტავს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.
ჩავლეიშვილის განმარტებითვე, თუ როდის იმსჯელებს საკრებულო მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე, ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
„საკრებულოს სხდომა ჯერ არ ჩამინიშნია, რადგანაც მე მინდა რომ ჯერ კონსულტაციები გავიარო ჩემს კოლეგებთან. შემდეგ შევჯერდებით რა გზით წავალთ, თუ როგორ აღმოვფხვრათ ეს კრიზისი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა თვითმართველობაში და გავაგრძელოთ ის პროექტები, რომელიც დაწყებული გვაქვს.
ჯემალ ანანიძის არგუმენტები ჩემთვის მიუღებელია. აქ საუბარია თვითმართველობის იმიჯზე. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქის მერი, ცოტა მეტი ანალიზი უნდა გააკეთოს, თუ რა განცხადებით შემოდის საკრებულოს წინაშე"- განაცხადა ჩავლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ჯემალ ანანიძემ მისი გადადგომა თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს დაუკავშირა.
"მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი მერიის სტრუქტურებში და ვაცხადებდი, რომ ვიყავი არაპარტიული. ამის მიუხედავად, მაინც არ ჩამომშორდა სახელი, თითქოს ვმოქმედებდი ამა თუ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობისთვის რჩება გაუგებარი ჩემი წარმატებები თუ წარუმატებლობები რომელ პარტიას მიაკუთვნონ. მოსახლეობას არჩევნების წინ უნდა ჰქონდეს შეფასების საშუალება თუ რას აკეთებს მერია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით ბათუმის საკრებულოს 2013 წლის ივნისშიც მიმართა. 13 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე კი კენჭისყრისას ჯემალ ანანიძის განცხადებას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 20 კი წინააღმდეგი წავიდა. შესაბამისად ჯემალ ანანიძეც ბათუმის მერის პოსტზე დარჩა.