საქართველოსა და ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.
საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე პერიოდში.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა სახალხო დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში.
მისი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოსახლეობის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რა სიკეთის მომტანია ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისათვის.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანას პოზიტიური მოლოდინი აქვს ნატოსთან დაახლოების პროცესში.
ელჩმა ნატოსთან დაახლოების პროცესში საქართველოსათვის მხარდაჭერა გამოხატა.