დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად ვადამდელ საპარლამენტიო არჩევნებს ასახელებს.
„გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაგვანახა იმ ადამიანებს, ვისაც რაიმეს დანახვის, გაგების და ელემენტარული ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის სურვილი აქვს, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ რომ იყო დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ის, რომ ამ ორგანიზაციის სახით საქართველოს მართავდა არა პოლიტიკური ძალა, არამედ კრიმინალებისაგან შემდგარი ტერორისტული ერთობა, რომელიც ყოველდღიურად არღვევდა კანონს და ფეხქვეშ თელავდა ელემენტარულ ფასეულობებს", - განაცხადა ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მისვე თქმით, სამწუხაროდ, გუშინდელმა კადრებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა „ახალი ხელისუფლების უსუსურობა და უნიათობა, რომ ყველაფრისთვის დაერქმია თავისი ნამდვილი სახელი.
„ის, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" ვერ მოიცალა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების გამოძიებისათვის, როგორიც იყო თუნდაც ე.წ მუხროვანის ამბოხი, 26 მაისი და სხვა საკითხები, ის რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა" და ვანო მერაბიშვილი ბედავენ გველაპარაკონ როგორც პოლიტიკური ოპონენტები, ეს სწორედ „ქართული ოცნების" უსუსურობის და მათი დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის დამსახურება გახლავთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ცხადია რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ცდილობენ ახალი „ნაციონალური მოძრაობის" სახელით ილაპარაკონ, მოკლებულნი არიან ელემენტარულ ლეგიტიმურობას და მორალურ უფლებას იყვნენ პოლიტიკაში, |ვინაიდან ისინი ამოფარებულნი არიან იმ შენობას, რომელზეც გამოკრულია ვანო მერაბიშვილის სურათი, როგორც პოლიტპატიმრისა და ისინი დღეს ჩვენდა გასაოცრად ერთხმად ამართლებენ ვანო მერბიშვილის გუშინდელ ჩვენს მიერ მოსმენილ დანაშაულებრივ ბრძანებას. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება იყვნენ პარლამენტში, საქართველოს ხელისუფლებაში და არ აქვთ უფლება ლაპარაკობდნენ საქართველოს მოსახლეობის სახელით".
ბურჯანაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა, ქვეყანა წვიდეს განვითარების სწორი გზით საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც „საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ნაციონალური მოძრაობის როგორც დამნაშავე ორგანიზაციის ბოგინს საქართველოში, რომელიც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ახალ პოლიტიკურ რეალობას ქვეყანაში და რომელიც ჩვენს სამშობლოს მისცემს ნორმალური განვითარების შესაძლებლობას".
„ჩვენ კატეგორიულად ვაყენებთ საკითხს: დამნაშავეები დაისაჯონ, გამოძიება ჩატარდეს კომპეტენტურად და არა ისე უთავბოლოდ და სამარცხვინოდ, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება". ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ვითხოვთ ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული პოლიტიკური ძალებისათვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნას, რომ ქვეყანა განვითარდეს და ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემები, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს გადაწყდეს და ხალხს ნერვები არ ეშლებოდეს მსგავსი კადრების ყურებით, რასაც გუშინ უყურებდა საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა ბურჯანაძემ.