,,ქორთიარდ მარიოტში" ,,ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმების პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა, საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოში ,,NDI"-ის დირექტორი საქართველოში ლუის ნავარო ესწრება.
,,გადაწყვეტილების მიღების პროცესში ,,ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრი ჩართული იქნება. ყველა რაიონის ხელმძღვანელი არჩევითი იქნება. რაც მთავარია იქნება ფარული კენჭისყრები, სადაც ნებისმიერ ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც არის ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ან გახდება ჩვენი პარტიის წევრი შეუძლია დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ჩვენ დისკუსია გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა შევჩერდით პოზიციაზე, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი განახლებაა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის" , _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ.
,,ნაცმოძრაობის" წევრების განმარტებით, პარტიის განახლების პროცესში დაგეგმილია პრაიმერის გზით მერებისა და გამგებლების კანდიდატების გამოვლენა ყველა რაიონში, ხოლო პრაიმერში გამარჯვებული კანდიდატი რაიონის არჩეულ თავმჯდომარესთან ერთად დააკომპლექტებს საარჩევენო სიებს, რომელსაც პარტიის პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდენს, ასევე პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები აირჩევა პირდაპირი და ფარული კენჭისყრით ორი წლის ვადით, შეიქმნება რაიონული საბჭოები, რომელიც აირჩევა პირდაპირი და ფარული კენჭისყრით შესაბამის რაიონში მცხოვრები პირების მიერ, ამასთან ნაცვლად გენერალური მდივნისა რაიონში აღმასრულებელ და საორგანიზაციო მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს რაიონული საბჭო. ხოლო რაიონის თავმჯდომარის წარდგინებით რაიონის საბჭო დაამტკიცებს შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების არჩევა-დანიშვნის წესს. ასევე იგეგმება სასწავლო და ტრენინგ კურსები პარტიის წევრებისთვის.