ირაკლი შიხიაშვილი ძალაუფლებას მხოლოდ საკუთარი პიარ აქციებისა და ძალის დემონსტრირების მიზნით იყენებს, - განაცხადა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლმა სევდია უგრეხელიძემ და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში მიაჩნია, რომ მასთან შეხვედრა გააღრმავებს საბიუჯეტო კრიზისს, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი შიხიაშვილს ეკისრება.
"მზად ვიყავი თბილისის საკრებულოს უმრავლესობასთან, მათ შორის ირაკლი შიხიაშვილთან ბიუჯეტზე მსჯელობის მიზნით შესახვედრად. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ბოლო დღეების ქარაფშუტულმა და უტაქტო გამოხტომებმა თბილისის მთავრობისა და პირადად ჩემს მიმართ, მასთან ყოველგვარი შეხვედრის უაზრობა ცხადყო. იგი ღიად და აგრესიულად აანონსებს თავის ერთპიროვნულ, ურყევ გადაწყვეტილებას - არ იქნას მიღებული თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი და არად აგდებს მოქალაქეთა ინტერესებს.
იგი ძალაუფლებას მხოლოდ საკუთარი პიარ აქციებისა და ძალის დემონსტრირების მიზნით იყენებს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მიმაჩნია, რომ მასთან შეხვედრა გააღრმავებს საბიუჯეტო კრიზისს, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი შიხიაშვილს ეკისრება.
ამასთან, თბილისის მერია თავის მხრივ მზადაა განიხილოს და უპასუხოს წერილობით წარმოდგენილ ყველა შენიშვნას საკრებულოს ნებისმიერი ფრაქციის მხრიდან, მონაწილეობა მიიღოს კანონის დაცვით გამართულ ცალკეული კომისიებისა და საკრებულოს სხდომებში", - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.