,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი იმედს გამოთქვამს რომ საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსტრუქციული იქნება.
,,გუშინ ჩვენ დავასრულეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კიდევ ერთი კანდიდატის, დარეჯან ჯავახიშვილის წარდგენისათვის აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყოველი კანდიდატის არჩევისათვის აუცილებელია პარლამენტის 17 წევრის ხელმოწერა. აღვნიშნავ, რომ დარეჯან ჯავახიშვილის წარდგენის ხელმოწერებში არის ასევე პარლამენტის იმ წევრების ხელმოწერაც, რომლებიც არ წარმოადგენენ საპარლამენტო უმცირესობას - ანზორ ბოლქვაძისა და იაშა შერვაშიძის. დღეს ჩვენ გვექნება საპარლამენტო უმცირესობის მაქსიმალური მობილიზაცია. შეიძლება დაგვაკლდეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ისინი, ვინც ფიზიკურად არ იმყოფებიან საქართველოში ან გარკვეული პირადი, ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდებიან პარლამენტში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმრავლესობა გამოაცხადებს თავისუფალ კენჭისყრას და უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც პირველ ეტაპზე უკვე მისცეს ხმა კონკრეტულ კანდიდატს, გაიმეორებენ თავის არჩევანს, დღეს პარლამენტი სამეურვეო საბჭოში აირჩევს კიდევ ოთხ წევრს. ესენია: ლელა გაფრინდაშვილი, გენადი გელაძეს, ნინია კაკაბაძე და დარეჯან ჯავახიშვილი. იმედია, რომ უმრავლესობა იქნება უფრო მეტად კონსტრუქციული, ვიდრე პირველ ეტაპზე და როგორც მინიმუმ, არ განახორციელებს ზეწოლას უმრავლესობის იმ წევრებზე, რომლებმაც უკვე დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი", _განაცხადა რატიანმა.