უკრაინის შს სამინისტრომ გრიშევსკის ქუჩაზე და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობასთან საბრძოლო ტექნიკა გამოიყვანა. მაიდანი გადამწყვეტი შტურმისათვის ემზადება. ამჟამად სამართალდამცავ ორგანოებსა და შინაგანი ჯარის ნაწილებს გრუშევსკის ქუჩასა და ევროპულ მოედანზე სრული კონტროლი აქვთ დამყარებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა მხოლოდ მცირე ხნით შეძლეს დაკარგული პოზიციების აღდგენა. ამჟამად ისინი კრეშიატიკის მხარეს არიან განდევნილნი.
ამჟამად „ბერკუტი" სასტუმრო „დნეპრთან" დგანან, მომიტინგეები კი მაიდანზე არიან გამაგრებულნი. მაიდანზე გამოცხადებულია განგაში. ადამიანებს აფრთხილებენ, რომ მაიდნისაკენ მილიციის კოლონები მოემართებიან.
ამავდროულად გრუშევსკის ქუჩაზე შეკრებული სამართალდამცავები მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს ესვრიან. მომიტინგეთა შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბერკუტი" მაიდანის „სრული გაწმენდისათვის" ემზადება.