„ჯი-ეიჩ-ენი" დიპლომატს, ივერია-ბიზ-ის დამფუძნებელს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
-როგორც ამბობენ „ქართულ ოცნებაში" ყველაფერი რიგზე არ არის. მიდის შიდა ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილის კარზე პრესტიჟული ადგილებისა და შესაბამისად გავლენების მოსაპოვებლად. რეალურად რა ხდება „ოცნების „ კულუარებში?
-ერთია თუ რა პოლიტიკური გუნდი სჭირდებოდა ივანიშვილს არჩევნებში გასამარჯვებლად და მეორეა თუ როგორი გუნდი სჭირდება ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტანდემს უშუალოდ ხელისუფლებაში ყოფნისას. რა თქმა უნდა, ეს ორი სხვადასხვა რამ არის. „ოცნების" გუნდში არსებული მწვავე დაპირისპირება უკვე არჩევნებამდეც ჩანდა იმ ფარულ ჩანაწერებში, რომლებიც მას მაშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გამოუქვეყნა. ბრძოლა ე.წ. „ღარიბაშვილის კარზე", როგორც ეს თქვენ მას უწოდეთ, ამ რეალიების გამოძახილია. სიმართლე გითხრათ ამ ბრძოლის დეტალები ნაკლებად მაინტერესებს, რადგან მას საქართველოს ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
-დღემდე საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ოცნების"ლიდერთა დაპირისპირებას ირაკლი ალასანიასთან და მის გუნდთან. როგორ ფიქრობთ, ეს მენტალური, ღირებულებითი დაპირისპირებაა თუ რეალურად მიდის ბრძოლა გავლენებისათვის?
-ირაკლი ალასანიას თავიდანვე ჰქონდა პრეტენზია ლიდერობაზე, რის გამოც საბოლოო ჯამში მას გაუფუჭდა ურთიერთობა ივანიშვილთან და არ არის გასაკვირი თუ ეს დღეს იმ დაპირისპირებაში ვლინდება, რომელიც თქვენ ახსენეთ. რა თქმა უნდა, ღირებულებებთან ამას ნაკლებად აქვს კავშირი.
-რამდენად არის მოსალოდნელი, რომ „ოცნებამ" ალასანიას გუნდი დაშალოს და შემდეგ რესპუბლიკებისთვისაც მოიცალოს?
-ამას ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში „ოცნების" გუნდში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალა თანაბრად აგებს პასუხს იმაზე თუ რაც დღეს საქართველოში ხდება და მომავალშიც ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავს ვეღარ აარიდებენ.
-რას ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კადრების სამჭედლოდ გადაქცევა, ასე უმწიკვლოდ იღწვოდნენ და იღწვიან?
-სამწუხაროდ, ქვეყნის პოლიციური მეთოდებით მართვის სტილი არ შეცვლილა და ამ თვალსაზრისით „ოცნების" ხელისუფლებას რამე ახალი არ შემოუთავაზებია საზოგადოებისთვის. რადგან სტილი იგივეა, კადრებიც იმავე ტიპის სჭირდებათ. ასე, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის და ეს.
-არსებული ვითარების გათვალისწინებით რამდენად წელგამართული და „დალაგებული" მივა თვითმმართველობის არჩევნებამდე „ოცნება" და მისი ისტებლიშმენტი?
-არჩევნებამდე როგორღაც მივლენ და როგორღაც ჩაატარებენ, მაგრამ საქმე ისაა, მერე რას იზამენ. მათ პრაქტიკულად ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები და იმის ალბათობა, რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში უკვე წელს აღმოჩნდენ, საკმაოდ მაღალია.
„ჯი-ეიჩ-ენი", გეგა სილაგავა