,,შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციისა და გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან" _ამის შესახებ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქულ საზოგადოებრივ არხ TRT_ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე ,,როგორ მიგაჩნიათ, შესაძლებელია ქვეყანას ერთდროულად ჰქონდეს ევროპული მიმართულება და კარგი ურთიერთობა რუსეთთან? _პრეზიდენტი მარგველაშვილი პასუხობს: ,,მთელ ევროპას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, შესაბამისად, შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციისა და გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან", _აცხადებს მარგველაშვილი.
მარგველაშვილის განმარტებით, ქართული მხარე ცდილობს რუს პოლიტიკოსებს დაანახოს, რომ სტაბილური, დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული საქართველო, უფრო საინტერესოა რუსეთისათვის.
,,ჩვენ ვცდილობთ, რუს პოლიტიკოსებს ნათლად ვაჩვენოთ ის, რომ სტაბილური, დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული საქართველო, დაცული საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისათვის და ხელს უწყობს მის საგარეო ინტერესებს, ვიდრე დანაწევრებული და არეული საქართველო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენ სრულიად რეალისტურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესების გააზრება და მოსმენა შეიძლება მხოლოდ ერთი დაშვებით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნას აღიარებული და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ეს არანაირად არ არის გამორიცხული. რუსეთის ინტერესებისთვის საინტერესო უნდა იყოს სტაბილური საქართველო და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მეგობრების მეშვეობით, რაციონალური დიალოგის მეშვეობით, რუსული მხარე დაინახავს, რომ ტერიტორიულად მთლიანი საქართველო, რომელიც არის ევროპის პროცესის ნაწილი, ევროატლანტიკური პროცესის ნაწილი, მხოლოდ საინტერესოა მათთვის და არა პირიქით. ამ მიმართულებით ჩვენ არა მხოლოდ თეორიულად ვმუშაობთ, არამედ გადადგმულიც გვაქვს ქმედითი ნაბიჯები", _აცხადებს მარგველაშვილი.