პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილის დანიშვნას ეხმიანება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საკითხის კომენტირებისას ფოფხაძემ განმარტა მთავარ პროკურორს პირადად არ იცნობს და მასზე ცუდის თქმის საფუძველი არ აქვს.
,,გიორგი ბადაშვილის პირადად არ ვიცნობ და ცუდის თქმის საფუძველი არ მაქვს. ზოგადად არ მივესალმები თანამდებობაზე ახლად დანიშნულ ადამიანზე ნეგატიური ატმოსფეროს შექმნის მცდელობას", _განაცხადა ფოფხაძემ, რომელიც გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით ,,ნაციონალების" ბრალდებებს პასუხობს.
,, მესმის ,,ნაციონალების" დამოკიდებულება მთავარი პროკურორის საკითხისადმი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ სურთ მთავარი პროკურორი შედარებით ლიბერალი იყოს, რადგან, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები არ დაიძრას. დაველოდოთ და კონკრეტული საქმეებით ვიმსჯელოთ მთავარი პროკურორის საქმიანობის შესახებ", _განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე რა არის მთავარი პროკურორის გამოწვევა? გედევან ფოფხაძე პასუხობს: ,, კონკრეტულ საქმეს ვერ დაგისახელებთ, ბევრი საქმეა პროკურატურაში გადაგზავნილი და ეს საქმეები უნდა დაიძრას", _განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დანიშნა.
გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.
გიორგი ბადაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან და 2013 წლის მაისამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.