თბილისის საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ გუშინდელი საბოტაჟისა და თბილისის მერიის პოლიტიკის გამო მიიღო.
"თბილისის მერიას და თბილისის მთავრობას პროვოკაციების სერია ჰქონდა დაგეგმილი. გუშინ საბოტაჟის მიზნით, სრულიად უსაფუძვლოდ, მერიის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ტელეანძაზე განათება გაითიშა, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენი ძალისხმევით განათება ისევ ჩაირთო. აღმოჩნდა, რომ მისი ჩაქრობა არანაირ ფინანსებთან და ბიუჯეტთან არ იყო კავშირში. შესაბამისად, თბილისის მერიამ ამ ქმედებით გარკვეულ საბოტაჟს მიმართა.გამომდინარე ზემოთთქმულიდან, მერიასა და მთავრობას მათ მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო უნდობლობას ვუცხადებთ და მათ გადადგომას მოვითხოვთ'', -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ახალი მთავრობის დანიშვნა საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, კოკი იონათამიშვილის განცხადებით თბილისის მერიის ქმედებებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დღეს ან მომდევნო დღეებში მეტროსა ან იგივე დასუფთავების სამსახურის მუშაობასაც შეექმნას საფრთხე.
"თუ ეს მოხდება, ესეც თავისთავად საბოტაჟის კიდევ ერთი მაგალითი იქნება'',-ვარაუდობს კოკი იონათამიშვილი.