საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელს ფილიპ ლეფორის, ხვალ შეხვდება და გავრცელებულ განცხადებაზე დეტალურ განმარტებას მოისმენს. როგორც საკითხის კომენტირებისას ფანჯიკიძემ განაცხადა საქართველო არასოდეს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას.
,,არ ვიცი ფილიპ ლეფორის ეს განცხადება, რომელიც ოსური მედიით გავრცელდა, სიმართლეს რამდენად შეესაბამება. ხვალ, 12:00 საათზე მე მასთან შეხვედრა მაქვს. იგი ჩამოდის საქართველოში, რომ დაგვემშვიდობოს როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და საერთოდ, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ხვალინდელ შეხვედრაზე მე მას დავუსვამ ამ შეკითხვას, არის თუ არა სწორი ეს ინფორმაცია, რომელსაც ოსური მედია ავრცელებს და რა არის მისი პასუხი, თუ ეს ინფორმაცია სწორია. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
,,სამხრეთ ოსეთის დამლუკიდებლობა რეალობაა, რომლის შეცვლა შეუძლებელია", _ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ერთ ერთმა თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა (ევროკავშირი) ცხინვალში ყოფნისას, ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე გააკეთა.
ცხინვალში ჩასული ლეფორი ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულს ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურად ჯიოევსაც შეხვდა. ლეფორი ცხინვალის რეგიონში თანათავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ ჩავიდა.
„ფილიპ ლეფორმა სამხრეთ ოსურ მხარეს მრავალი საკითხის გადაწყვეტის საქმეში კონსტრუქციული პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა და განაცხდა, რომ ის სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით გააგრძელებს სამხრეთ ოს კოლეგებთან მჭიდრო კავშირს. მისივე თქმით, ის გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეტა საკითხზე მუშაობასაც, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან", _ წერს ოსური მხარე.