საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს.
შეხვედრისას, მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. კერძოდ საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების პროცესით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და განვითარების მიმართულებით. ხაზგაზმით აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და ამერიკას შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული საქმიანობის თვალსაზრისით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და განაცხადეს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს. ქართული მხარის განცხადებით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი ჯონ ბუზმანი, კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები.