10 იანვარს, 10.00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში ცვლილებების პროექტის განხილვა გაიმართება. საკანონმდებლო ინიციატივები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის, სასამართლო რეფორმის, პროკურატურის რეფორმის, პრობაციის რეფორმისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფების წევრები. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ცვლილებათა პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" შემდგომი ლიბერალიზაციისაკენ. მისი მიზანია ქართული კანონმდებლობის დაახლოება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის კონცეპტუალურ ცვლილებას, შემოაქვს მაქსიმალური ზღვარი დანაშაულის კატეგორიებისა და მიღებული/მისაღები შემოსავლის მიხედვით; აუქმებს ჯარიმის დამატებითი სასჯელის სახით გამოყენების შესაძლებლობას, როცა ის არ არის გათვალისწინებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით; ასევე, არასრულწლოვანისთვის დაკისრებული ჯარიმის მშობლისთვის დაკისრების შესაძლებლობას. განსხვავებულადაა დარეგულირებული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტი; მცირდება გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზომა. მოსამართლეს ენიჭება უფლებამოსილება, დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საკანონმდებლო მინიმუმის ნახევრამდე) შემამსუბუქებელი გარემოებების ერთობლიობისას. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება ნებისმიერი მსჯავრდებულის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემცირებას.
მისამართი: ქ. თბილისი, თელავის ქ. №20; სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი".