დღეს, 19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 32-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაის" ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 740 ჩვილი გახდება.
მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 18 442 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილი არიან. 31-ე საყოველთაო ნათლობა 22 სექტემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.