,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა პრესის წინასაარჩევნო მონიტორინგი პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში და წარმოადგენს 2013 წლის მეოთხე შუალედურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს არჩევნების შემდგომ პერიოდს 27 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე.
,,ორგანიზაციის მედია მონიტორები აკვირდებოდნენ შემდეგ გამოცემებს: „რეზონანსი", „24-საათი", „ახალი თაობა", „ახალი ვერსია", „ალია", „კვირის პალიტრა" და „ასავალ-დასავალი".მასალის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად არჩევნების შემდგომაც ყველაზე აქტიურად გაშუქებული სუბიექტები არიან პრეზიდენტი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, კოალიცია „ქართული ოცნება" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". სუბიექტების მიმართ დომინანტურია ნეიტრალური ტონი, თუმცა პრეზიდენტისადმი ხშირ შემთხვევაში ნეგატიური ტონი საკმაოდ მაღალია.
საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არჩევნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გიორგი თარგამაძე და დავით ბაქრაძე შუქდებოდნენ. დანარჩენ კანდიდატებს 1% ან ნაკლები ეთმობოდათ. არაეთიკური გამოთქმები კვლავ გამოიყენება „ასავალ-დასავალში", ხოლო დანარჩენი გამოცემები ცდილობენ ეთიკურად აკრიტიკონ ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა. გაზეთები აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას აძლევენ მკითხველებს. ცალკეულ შემთხვევაში გადმოცემული ფაქტი საჭიროებს დამატებით დაზუსტებას, რადგან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაა გადამოწმებული", _ნათქვამია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" განაცხადებაში.
არასამთვრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ,,არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოცემების უმრავლესობა ნეიტრალურად და დაბალანსებულად წერდა მიმდინარე მოვლენებზე. მათ ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული ჰქონდათ მოსალოდნელ ცვლილებებზე, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. მონიტორინგის სუბიექტებს შორის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დაფიქსირდა პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თითქმის ყველა გამოცემაში ნეგატიურად შუქდებოდა. დანარჩენი სუბიექტების მიმართ კი ნეიტრალური ტონი ჭარბობს. გამონაკლისია ამ კუთხით „ასავალ-დასავალი", სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მეტწილად დადებითი ტონით იყო წარმოდგენილი.
მთლიანობაში თვისებრივი კუთხით არჩევნების შემდგომ პერიოდში ჟურნალისტები ცდილობდნენ დაეცვათ ჟურნალისტური სტანდარტები, უფრო ეთიკურად და ამომწურავად მიეწოდებინათ გადამოწმებული ინფორმაცია, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში მოხდა როგორც არაეთიკური ლექსიკის გამოყენება, ისე გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელება", _ნათქვამია განცხადებაში.