უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში სტუმრობას "ნოღაიდელის ვიზიტით დაწყებული მოღალატეთა კასტინგის გაგრძელებად" აფასებს.
"მოღალატეთა კასტინგი გრძელდება იმის გასარკვევად, თუ ვინ იქნება კრემლის უმთავრესი წარმომადგენელი და ემისარი საქართველოში. მოსკოვში ჩადიან ის ადამიანები, რომელთა ელექტორალური რესურსი საქართველოში არის უკიდურესად მინიმიზირებული და ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ ადამიანებს არ აქვთ. სწორედ ამიტომ აირჩია ისინი კრემლის ხელისუფლებამ, რათა საქართველოში შექმნან საოკუპაციო ძალის ინფრასტრუქტურა", _ აცხადებს წიკლაური ჟურნალისტებთან საუბარში, რომლის აზრითაც, ის, რომ "მოსკოვში ჩასული ქართველები ხმას არ იღებენ დეოკუპაციასთან დაკავშირებით იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოში ეროვნული ნიჰილიზმი დამკვიდრდეს".
"ქალბატონი ბურჯანაძე მოსკოვშიც კი ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში, მაგრამ არ ყოფნის არც გამბედაობა, არც პრონციპულობა და არც ელემენტარული წესიერება ღიად დაადანაშაულოს ჭეშმარიტი დამნაშავე, რომელმაც ბარბაროსული შეტევა მიიტანა ქართულ სახელმწიფოზე", _ აცხადებს წიკლაური.
მისივე თქმით, ქართული დემოკრატია აძლევს შესაძლებლობას ბურჯანაძეს და ყველა ამ ოდიოზურ ადამიანს, ყველა კოლაბორაციონისტს იყოს პოლიტიკურ სივრცეში და პოლიტიკური ხერხებით, პოლიტიკური ინსტრუმენტალიებით იღვაწოს იმისათვის, რომ შეცვალოს ქართველი ქალხის განწყობა ისე, როგორც მათ სურთ.
"ჩვენ ვხედავთ აშკარა მოღალატეობას ამ ადამიანების, აშკარა კოლაბორაციონალიზმს ჩვენს მტერთან, რომელმაც შეიწირა ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლე და გაანადგურა ჩვენი ქალაქები. ის მოღალატური ნაბიჯები, რომლის მომსწრენი ჩვენ ვართ საქართველოში გამოიწვევს პატრიოტული ძალების არნახულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას", _ აცხადებს წიკლაური.