გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ბაღდადის რაიონს ესტუმრა და მდინარე წაბლარის წყალზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
დაბა საირმეში, მდინარე წაბლარის წყალი ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში უქმნიდა პრობლემას. ადიდებული მდინარე კურორტის ადგილობრივ გზებს და მინერალური წყაროს მიმდებარე ტერიტორიას ტბორავდა.
მარცხენა ნაპირზე მოსახლეობისა და საკურორტო ზონის დასაცავად ბეტონის კედელი 130 მეტრის სიგრძეზე აშენდა და ბუნებრივ საბადოს საფრთხე აღარ ემუქრება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამუშაოებზე ჯამში 400 ათას ლარამდე დაიხარჯა.
"საირმის პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუ ეს ნაპირსამაგრი სამუშაო არ შესრულდებოდა, საირმის ერთ-ერთი წყარო დაიკარგებოდა. ადგილზე დავათვალიერე შესრულებული სამუშაო - ბუნებრივი საბადოც გადარჩენილია და გარემოც უფრო კეთილმოწყობილია. ვფიქრობთ, 2010 წლისთვის, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მეტი დამსვენებელი ეწვევა ამ კურორტს", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
2010 წლისთვის ნაპირსამაგრი სამუშაოები მთელი საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდება და გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება.