ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თომას ჰამერბერგის ცხინვალში ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა.
ჰამერბერგი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას არ შეხვედრია. მან მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული, სეპარატისტების მიერ სხვადასხვა დროს დაკავებული 12 ქართველი მოინახულა.
როგორც ჰამერბერგმა ცხინვალში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ერგნეთის საზღვართან შეკრებილ, დაკავებული ქართველების ახლობლებს განუცხადა, ის დე-ფაქტო ლიდერებთან პატიმრობაში მყოფთა გათავისუფლების საკითხზე სატელეფონო კონსულტაციებს გამართავს.
რაც შეეხება დაკავებული ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ისინი ნორმალურ მდგომარეობაში არიან.
"მათ ეპყრობიან ნორმალურად. ცემას ადგილი არ აქვს. პატიმრები იღებენ ამანათებსაც, თუმცა დაგვიანებით. ამის გამო საკვები, რომელიც ამანათშია, ხშირად უვარგისია. ექიმიც მოჰყავთ, როცა დაკავებულებს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ. ჯერჯერობით მათთან მნახველებს არ უშვებენ, ამიტომაც სანამ მათი გათავისუფლება მოხდება, ჩვენი უმთავრესი მიზანი იქნება, პაემნების საკითხი გადაწყდეს. იმედია, ცხინვალის მთავრობა მალე მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჰამერბერგმა ცხინვალში ვიზიტის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ოკუპირებულ რეგიონში გუშინ ჩავიდა.