ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა უცხოური პრესისთვის კვლავ აქტუალურ თემად რჩება.
გავლენიანი გამოცემა Washington Post-ი წერს, რომ მომხდარმა ტრაგედიამ ოლიმპიადის ორგანიზატორებში და მთლიანად სპორტულ სამყაროში დიდი დებატები და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, საციგაო ტრასაზე უსაფრთხოების არასაკმარისი ზომები მანამდეც მრავალმა სპორტსმენმა გააპროტესტა.
ჟურნალისტი ასევე წერს, რომ ზედმეტად დიდია ის სიჩქარეც, რომელსაც სპორტსმენები ავითარებენ და ეს მონაწილეებს საფრთხეს უქმნის.
ჟურნალისტი უარყოფს იმ აზრს, რომ ტრაგედია ქართველი სპორტსმენის შეცდომამ და არასაკმარისმა გამოცდილებამ გამოიწვია. მისი თქმით, აღნიშნულ ტრასაზე დაზიანება წელს ბევრმა სპორტსმენმა მიიღო და მათ შორის მსოფლიოში ცნობილი და კვალიფიციური სპორტსმენებიც იყვნენ.
ქართველი სპორტსმენი ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საციგაო ტრასიდან სავარჯიშო დაშვებას ასრულებდა. ერთ-ერთ მონაკვეთზე ის ციგიდან გადმოვარდა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.