შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა, თურქულ სამოქალაქო გემზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი გადარჩა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გემს ორი რუსული დრონი დაესხა თავს.
რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გემის ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ქვეყნის საზღვაო უწყებამ დაადასტურა, რომ ინციდენტი გემზე ხანძარს უკავშირდებოდა, რის შემდეგაც გემი ჩაიძირა. რუმინეთის ხელისუფლებას ხანძრის გამომწვევ მიზეზზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ზელენსკის ინფორმაციით, გემი თურქეთს ეკუთვნოდა და სიმინდი გადაჰქონდა. ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, დაღუპულთა შორის გემის კაპიტანიცაა, ხოლო თავდაპირველად კიდევ ერთი ადამიანის ბედი უცნობი იყო.
გემი Royad Mammadov სენტ-კიტსისა და ნევისის დროშით დაცურავდა. ის იტალიის ქალაქ რავენაში მიემართებოდა და ბოლოს უკრაინის პორტ იზმაილში იმყოფებოდა. ინციდენტი რუმინული ენერგეტიკული კომპანია OMV Petrom-ის ნავთობის პლატფორმასთან ახლოს მოხდა, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ პლატფორმა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ადრინდელ ანგარიშში კი ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა ორი სატვირთო გემი დააზიანა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა მხარეებს შავ ზღვაში დეესკალაციისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ნაბიჯები. მისი თქმით, აუცილებელია ზეწოლის გაზრდა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად.