სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, მდ. კუბისწყალზე ხიდის მარცხენა მიმართულება გაიხსნა.
ხიდის გახსნას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძე დაესწრნენ.
აღნიშნულ მონაკვეთზე 2009 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები და ავტოტრანსპორტისთვის შესაძლებელი გახდა მარჯვენა მიმართულებით, ახალ ხიდზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.
პროექტით გათვალისწინებული იყო ძველი ხიდის დაშლა-დემონტაჟი, რომელიც წლების განმავლობაში სტიქიისგან იყო დაზიანებული და მის ადგილას მდინარე კუბისწყალზე, მარჯვენა და მარცხენა მიმართულებით ორი ახალი ერთმალიანი, რკინა-ბეტონის ხიდების მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 27 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 7,5 მეტრი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ ხიდს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ხიდის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას.
აღნიშნული ხიდის მარცხენა მიმართულებაზე სამუშაოები 2009 წლის სექტემბერის თვეში დაიწყო. სამუშაოებს შპს "ხიდი" აწარმოებდა. სამუშაოების ღირებულებამ 1 მლნ. 254 ათას ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.