ეკა ბესელია სისხლის სამართლის კოდექსში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვს. ამის შესახებ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტში მომზადებული ცვლილებები საკმარისი არ არის იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დღევანდელ კანონმდებლობას აქვს.
"ბოლო პერიოდის სასამართლომ არნახულად დისკრიმინაციული და მკაცრი სასჯელების გამოყენების პრაქტიკა დაამკვიდრა. პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი ამ ვითარების შესაცვლელად. საჭიროა კანონის არა ფორმალური შეცვლა, არამედ რეალური ცვლილებების განხორციელება", - განაცხადა ბესელიამ.
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, საკუთარ შეხედულებებსაც ავრცელებს.
"ცვლილებები უნდა შევიდეს სისხლის სამართლის 55-ე, 59-ე და 63-ე მუხლებში, რაც მოიცავს სასჯელთა შეკრების პრინციპის შეცვლას და არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობას. ჩვენი ინიციატივით, კანონმდებლობიდან ამოღებულ უნდა იქნას სასჯელთა შეკრების წესი და ის უნდა ჩანაცვლდეს მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის პრინციპით. რაც შეეხება არასრულწლოვანთა საკითხს, ძირითადი პასუხისმგებლობა უნდა იწყებოდეს 16 წლიდან, გამონაკლისი შემთხვევები კი _ 14 წლიდან", - განაცხადა ბესელიამ.