მმართველი გუნდი, პარტიებს, რომლებსაც წარმომადგენლები ჰყავთ ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის", მოუწოდებს, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საკითხი ეხება "ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურიას განცხადებას, პარლამენტის მიერ გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით.
"2012 წლის 24 აპრილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" გამოაქვეყნა პროვოკაციული განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების მშვიდობიანი თანაცხოვრების პროცესის დაზიანებას. აღნიშნული განცხადება ემუქრება საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ეთნიკურ მრავალფეროვნებას და შეიცავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების ნიშნებს. კომიტეტი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო კავკასიას განიხილავს, როგორც ერთიან რეგიონს და მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს, როგორც ჩრდილოკავკასიელი, ისე სამხრეთკავკასიელი ხალხების კულტურა, ისტორია და მშვიდობიანი ურთიერთობების ტრადიცია. კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ბანაკებად ხელოვნურად დაყოფა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა და მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტის შესუსტებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. კომიტეტი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ძალას და განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენლები ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის", გაემიჯნონ აღნიშნულ უპასუხისმგებლო განცხადებას და მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხი არ უნდა განეხილა, რადგან პარლამენტში გუშინ მისული იყვნენ სომხეთის დიასპორის წარმომადგენლებიც და ისინიც გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ.
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა პიჯაკის ჯიბიდან ვაზელინის 30-მილიგრამიანი ე.წ. ტიუბიკი ამოიღო, მიიჭრა ტრიბუნასთან და ბაღათურიას ესროლა, რასაც დარბაზში ხელჩართული ინციდენტი და სიტყვიერი შეურაცყოფა მოჰყვა.