საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა. პრეზიდენტი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოს მზადებით დაინტერესდა .
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები კანონის მიხედვით ოქტომბერში ჩატარდება და დარჩენილი 9 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა არჩევნებს მომზადებული შეხვდეს.
ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, ცესკო არჩევნებზე დამოუკიდებელი არბიტრია და ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარ პირობებში იქნება, რათა არჩევნებს ჩრდილი არ მიადგეს. "ვცდილობთ, შევასრულოთ დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია, ხოლო საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებულმა მხარემ ვუპასუხოთ ორ მთავარ გამოწვევას, ერთი, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები საარჩევნოდ და მეორე, საარჩევნო სუბიექტებმა დაიცვან ეთიკის მოთხოვნები, ასევე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობით არჩევნების შედეგებს ჩრდილი არ მიადგეს. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევა მოგვცემს საშუალებას, რომ არჩევნები ჩავატაროთ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ეუთოსა და საერთაშორისო მოთხოვნების სრული შესაბამისობით", _ განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებას მიაღწიეს და საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. "საარჩევნო კოდექსზე, პრინციპში, კარგი შეთანხმება მოხდა. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ამას ვენეციის კომისიამ მაღალი შეფასება მისცა. ერთადერთ რამეში ვერ შევთანხმდით და ამაში ვერც შევთანხმდებოდით, რომ მათ უნდოდათ, პრაქტიკულად ყველა პატარა რაიონს, ვთქვათ, ყაზბეგს, ლენტეხს, არ ჰყოლოდა თავისი დეპუტატი. ეს არ გამოვიდოდა არანაირად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორიული და გეოგრაფიული თავისებურებები, რომელიც ზუსტად ვერ ერგება შეიძლება მათ ნორმებს, მაგრამ დანარჩენ ყველაფერში მივიღეთ მაღალი შეფასება, ამ კანონზეც და დაფინანსების კანონზეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ეფუძნება მყარ საერთაშორისო სტანდარტებს. რაც მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს ჩავრთავთ ამ პროცესში, მით უფრო კარგია ჩვენთვის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნებამდე რჩება 9 თვე, რაც სრულიად საკმარისია არჩევნების ორგანიზებისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოს შენიშვნა არ მიუღია, რაც მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის დამსახურებაა.
"ფინანსურ რესურსებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვყოფთ, ყველა დამკვირვებელს შევუქმნით სათანადო პირობებს. მთავარი რესურსები იქნება ქართული ადამიანური რესურსები, ჩვენი ხალხი ყველა პოლიტიკური სპექტრიდან ჩაერთვება და საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვა, დაფუძნებით იმაზე, რა უნდა ხალხს და რა არის სწორი. ამას მივაღწევთ, თუ შევქმნით გამჭვირვალე და თანასწორუფლებიან საარჩევნო პროცესს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თავის მხრივ, ზურაბ ხარატიშვილმა დასძინა, რომ ცესკოს საკმარისი დრო აქვს, რათა საკუთარი რესურსების გადაჯგუფება მოახდინოს და მომავალი არჩევნები უკეთესად დაგეგმოს.
მასალის გამოყენების პირობები