დღეს, 3 დეკემბერს, 13:00 საათზე, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გია ჭანტურიას მკვლელობიდან 17 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, მის საფლავთან შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის.
14:00 საათზე კი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გიორგი ჭანტურიას ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც ედპ-ში აცხადებენ, გია ჭანტურია ყველასათვის ცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე, მაგრამ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ იცის, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა ის ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც ქმნიდა. 90-იან წლებში ძალიან მცირე ტირაჟით იყო გამოცემული მისი ორი რომანი "მოსე" და "ოჩოპინტრე", ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არქივში ინახებოდა გია ჭანტურიას ხელით ნაწერი რვეული, ეს გახლავთ ციხეში მისივე ხელით დაწერილი მოთხრობები და ჩანაწერები, რომელიც 1983 წლით თარიღდება.
"სწორედ ამ ჩანაწერების საფუძველზე გადავწყვიტეთ, წიგნად გამოგვეცა გიორგი ჭანტურიას ლიტერატურული კრებული, რომელიც ძირითადად 17 - 25 წლის ასაკში აქვს შექმნილი. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის გიორგი ჭანტურიას, როგორც მწერლის გაცნობა", - ნათქვამია "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" განცხადებაში.
ედპ-ის ლიდერი 1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში მოკლეს.