კლაიპედას, ფოთისა და ბათუმის პორტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლიტვაში ვიზიტისას ცნობილი გახდა ასევე, რომ ლიტვამ ქართულ მხარეს არსებულ სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა.
როგორც ცნობილია, 22-24 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ლიტვის ეკონომიკის მინისტრთან, რიმანტას ჟილისთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში ლიტვური ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ იზრდება სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელიც ყოველწლიური მატებით გამოირჩევა. შარშან სავაჭრო ბრუნვა 31 პროცენტით გაიზარდა და 36 მილიონი დოლარი შეადგინა, მაგრამ უკვე 2011 წლის პირველ 9 თვეში ზრდა 77 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტი 127 პროცენტით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიუხედავად, როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, ორივე ქვეყანას დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.
ვიზიტის ფარგლებში ვერა ქობალიამ და ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა ელიგიუს მესიულისმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს. გარდა ამისა, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები კლაიპედას, ფოთისა და ბათუმის პორტებს შორის.
როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე გახდა ცნობილი, ლიტვამ ქართულ მხარეს არსებულ სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა. მათ შორის, ერთერთი პრიორიტეტულია "ვიკინგის" პროექტი.
"ვიკინგი" არის საკონტეინერო სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც მეშვეობითაც ხორციელდება ტვირთების გადაზიდვა შავი ზღვის პორტ ილიჩევსკიდან, რომელიც უკრაინის სანაპიროზე მდებარეობს, ბალტიის ზღვაზე, კლაიპედას პორტში. ამჟამად საუბარია, რომ „ვიკინგმა" საქართველოს ტერიტორიაზეც გაიაროს. უახლოეს პერიოდში გაიმართება "ვიკინგის" პროექტში მონაწილე ქვეყნების (საქართველოსა და ლიტვის გარდა, მასში მონაწილეობენ უკრაინა და ბელარუსი) ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება აღნიშნული პროექტის განვითარების პერსპექტივებზე. "ვიკინგის" ამოქმედება აისახება საქართველოსა და ლიტვის სავაჭრო ბრუნვაზე, "ვიკინგის" ამოქმედებას სხვა ქართული საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი გაიაფება შეუძლია.