დღეს, 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გახსნის ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების გამოფენა-ფორუმს - Trade With Georgia 2011 - Tradeshow and B2B Forum (TWG 2011). დამსწრე საზოგადოებას მიესალმება ფორუმის საპატიო სტუმარი, სინგაპურის ერთადერთი ღვინის მაგისტრი ლიზა პეროტი ბრაუნი.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით ტარდება და ქართული სასმელების პოპულარიზაციის კუთხით უპრეცედენტო მასშტაბის ფორუმს წარმოადგენს.
12:30 საათზე "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია ოფიციალურად გახსნიან Trade With Georgia 2011 გამოფენა-ფორუმს, სადაც მონაწილეობს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 60-მდე ქართული კომპანია.
გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს 80 უცხოელი სტუმარი, მათ შორის თრეიდერები, ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები. მაგალითად, მხოლოდ აზიიდან საქართველოს ეწვევა 43 დელეგატი (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია, ტაივანი). ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სასმელების დეგუსტაცია და ასევე ინდივიდუალური შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებსა და უცხოელ თრეიდერებს შორის.
26 ნოემბერს ფორუმის მონაწილე უცხოელი სტუმრები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც ისინი ესტუმრებიან წინანდლის მუზეუმსა და ვინოთეკას, ამასთანავე მოინახულებენ ქართული ღვინის რამდენიმე მწარმოებლის მარნებს და ადგილზე დააგემოვნებენ ღვინოს.