EBRD საქართველოში აგრობიზნესის განვითარებისათვის 40 მლნ. ევროს დახარჯავს. ბანკის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) მისი ახალი ინიციატივის - საქართველოს სოფლის მეურნეობის დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 40 მილიონ ევროს გამოუყოფს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებს საქართველოში ფერმერების და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სხვა ეკონომიკური სუბიექტების დასაკრედიტებლად. ხსენებული მექანიზმის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი ბანკები: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი და პროკრედიტ ბანკი.
დაფინანსების ინსტრუმენტი მიზნად ისახავს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პირველადი და მეორადი აგრობიზნესის მხარდაჭერისთვის, რათა მოხდეს ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სექტორის მეტად საჭირო აღორძინება. ხსენებული სისტემა მოიცავს 5 მილიონი ევროს მოცულობის ტექნიკური თანამშრომლობის კომპონენტს ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციების მექანიზმიდან. ეს ქვეყანას დაეხმარება რისკის მართვის პოლიტიკის დანერგვაში და წარმოების ჯაჭვის აღდგენაში მეურნეობის დონეზე ხარისხისა და ნაყოფიერების დონის გაზრდის გზით.
ევრობანკის ადგილობრივი ვალუტის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში პარტნიორ ბანკებს საქართველოში ეძლევათ არჩევანი კრედიტი ლარებში აიღონ, რადგან შემდგომი გასესხებისას სავალუტო რისკი მოიხსნას. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც ისარგებლებს სოფლის მეურნეობის დაფინანსების ინიციატივით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის დაფინანსების მექანიზმი არის ევრობანკისა და გერმანიის საკრედიტო კავშირის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას საქართველოს ეკონომიკური სუბიექტების დაკრედიტებისთვის, ხოლო ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას მიკრო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
„ეს პროექტი ეფუძნება და აძლიერებს ევრობანკის მიერ ნაკისრ ვალდებულებას ქვეყნის აგრობიზნესის განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებაზე. მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სურსათის წარმოების ჯაჭვზე, ხოლო მის სარგებელს ადგილობრივი მომწოდებლები და ფერმერები იგრძნობენ"- განაცხადა ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის რეგიონალურმა დირექტორმა პოლ ჰენრი ფორესტიერმა.
„სოფლის მეურნეობის სფეროში დახამრების ეს პაკეტი აერთიანებს მნიშვნელოვან საკრედიტო რესურსს, პირველადი რეაგირების ფონდს და ტექნიკურ დახმარებას. ის ბანკებს დაეხმარება ამ სექტორის დაკრედიტებაში. ის ასევე მოაგვარებს საქართველოში სოფლის მეურნეობის ძირითად შეზღუდვას, რადგან ფერმერებს ამჟამად უჭირთ კაპიტალის მოზიდვა წარმოებაში ინვესტიციების განსახორციელებლად" - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ სოფლის მეურნეობის სფეროში ხუან ეშანოვი.
ევრობანკის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობა ერთერთი წამყვანი დარგია საქართველოს ეკონომიკაში. ევრობანკი საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩება. 2010 წელს ევრობანკის მთლიანმა ინვესტიციებმა 348.5 მილიონი ევრო შეადგინა. ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან ევრობანკს უკვე 1.6 მილიარდი ევრო აქვს დაბანდებული 136 პროექტში, საიდანაც 94 მილიონი ევრო ქვეყნის აგრობიზნესის სექტორზე მოდის.