საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც ექსპონატები დამხმარე შენობაში გადაიტანეს. „შენობაში არაფერი აღარ არის. ნივთები სიძველისგან დაიმტვრა. ზოგიც ჩემს მისვლამდე დაამტვრიეს. რამდენჯერმე გატეხეს მუზეუმი, გაიტანეს ხმლები, თოფები, სამოვარი, ორსაუკუნე ნახევრის წინ გამოცემული სახარება", - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ბექა დოლენჯაშვილმა.
მისივე თქმით, თიხის ჭურჭელი სარესტავრაციოდ თბილისში, სამხატვრო აკადემიაშია წაღებული.
მუზეუმის ბალანსზეა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა: ბრინჯაოს ხანის მხედარი, საკულტო დანიშნულების ნივთები, ბრინჯაოს სამკაულები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - ძვლის დანა და ქვის ხელცული. მუზეუმში ასევე არის ირანული, რუსული, თურქული და იტალიური ვერცხლის მონეტები. აქვეა ტრადიციული საომარი ჩასაცმელი - ჯაჭვის პერანგი; მიწის სახნავი ხელსაწყო - გუთანი; მუსიკალური ინსტრუმენტები: დიპლიპიტო, დაირა, ფანდური.