რუსეთში მოკლული მამუკა კახიშვილთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 10 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სამარის ოლქში პოლიციელებმა ცემით მოკლეს 19 წლის მამუკა კახიშვილი. ეთნიკური ქართველის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი ძალადობა და არაადამიანური სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთში ადგილი აქვს ეთნიკური ნიშნით ადამიანის უფლებათა უხეშ, მასობრივ და სისტემატიურ დარღვევებს რუსეთის სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან.
რუსეთის მმართველი წრეები ეთნიკური ნიშნით ადამიანთა დევნას იყენებენ თავისი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს რუსეთში მცხოვრები ტაჯიკეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში წარმოებული კამპანია, ისევე როგორც ეს ხდებოდა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკურად ქართველი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ.
საქართველოს საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ საკუთარი ქვეყანაში ინსპირირებული ძალადობა და განუკითხაობა ბუნებრივად გრძელდება აგრესიულ და ძალადობრივ პოლიტიკაში რუსეთის საზღვრებს გარეთ, რის თაობაზეც ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება.