დღეს, 11 ნოემბერს, რუსი მწერლის, თეოდორ დოსტოევსკის დაბადებიდან 190 წელი სრულდება. დოსტოევსკი 1821 წლის 11 ნოემბერს (ძვ. სტ. 30 ოქტომბერს) მოსკოვში დაიბადა.
დოსტოევსკი დაიბადა ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი. მსახურობდა საინჟინრო დეპარტამენტის სამხაზველოში. მალე თავი დაანება სამსახურს. პირველივე ნაწარმოებმა ("საბრალო ადამიანები") გაუთქვა სახელი. შემდგომ ზედიზედ გამოვიდა მოთხრობები "ორეული", "დიასახლისი", "თეთრი ღამეები", "ნეტოჩკა ნეზვანოვა".
1847 წელს დოსტოევსკი შევიდა პეტრაშეველთა რევოლუციურ წრეში, ერთ-ერთ სხდომაზე წაიკითხა ბელინსკის წერილი გოგოლისადმი. 1849 წელს სხვა პეტრაშეველებთან ერთად დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, რაც განაჩენის აღსრულებამდე უკანასკნელ წუთს ციმბირის კატორღით შეუცვალეს. კატორღის შემდეგ დოსტოევსკი ჯარისკაცად გაამწესეს და მხოლოდ 1859 წელს დართეს ცენტრალურ რუსეთში დაბრუნების ნება.
ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი თხზულებანი "ბიძის სიზმარი", "სოფელი სტეპანჩიკოვი და მისი მცხოვრებნი", რომანი "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი". კატორღის ცხოვრებას ასახავს იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები "ბარათები მკვდარი სახლიდან".
დოსტოევსკი უარყოფდა "წმინდა ხელოვნების" თეორიას, მაგრამ ილაშქრებდა ესთეტიკური უტილიტარიზმის წინააღმდეგ, ეკამათებოდა დობროლიუბოვს, რომელსაც, მისი აზრით, ეს უტილიტარიზმი ახასიათებდა.
რუსეთის საგანგებო როლი საყოველთაო ბედნიერების დამკვიდრებაში, მისი აზრით, უნდა აღსრულებულიყო მხოლოდ ნიადაგს მოწყვეტილი თავადაზნაურობის ხალხთან დაახლოების, მონარქიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობით, ყველა წოდების გაერთიანების გზით. დოსტოევსკის მიხედვით, ეთიკური ნორმების გამარჯვება შესაძლებელია მხოლოდ რელიგიის საფუძვლებზე ინდივიდის ზნეობრივი სრულყოფით.
დოსტოევსკის უმნიშვნელოვანესი რომანებია "დანაშაული და სასჯელი", "იდიოტი", "ეშმაკნი", "ყმაწვილი", "ძმები კარამაზოვები".
დოსტოევსკი ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ძმასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალებს "ვრემია", "ეპოხა". რედაქტორობდა რეაქციულ გაზეთ-ჟურნალს "გრაჟდანინ", მეჭდავდა "მწერლის დღიურს", რომელშიც პუბლიცისტურ წერილებთან ერთად აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსაც.
დოსტოევსკი 1881 წლის 9 თებერვალს (29 იანვარს) პეტერბურგში გარდაიცვალა.