ხვალ, 11 ნოემბერს, პოეტ ბესიკ ხარანაულს დაბადებიდან 72 წელი უსრულდება. ხარანაული 1939 წლის 11 ნოემბერს თიანეთში დაიბადა.
ხარანაულის წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.