შიდსით დაავადებულთა მკურნალობა მომავალშიც უფასოდ გაგრძელდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნული პროგრამის დაფინანსება შეწყვიტეს.
"შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა არის უფასო, ძირითად ხარჯებს ფარავს სახელმწიფო და ასე გაგრძელდება მომავალშიც. პროექტის ნაწილს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც აფინანსებენ. მეტსაც გეტყვით: ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში მათგან გვაქვს მყარი გარანტია, რომ დაფინანსება გაგრძელდება წინასწარ შეთანხმებული დროისა და მოცულობის ფარგლებში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ურუშაძემ.
შეგახსენებთ: მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012-2013 წლებში შიდსიანთა და ტუბერკულოზიანთა მკურნალობა შეწყდება, რადგანაც "გლობალურმა ფონდმა" აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი შეამცირა და დასაფინანსებელ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო აღარ ფიგურირებს.