ჩემი სტრატეგია იქნება, რომ მოვახერხოთ და ვისწავლოთ არჩევნებში მონაწილეობა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"რამდენჯერმე გამოვხატე მზადყოფნა, რომ მე ვიქნები სამოქალაქო საზოგადოების სტრატეგიული პარტნიორი. პოლიტიკაში ჩემი ყოფნის შემდეგ (იმედია, ეს პერიოდი ხანგრძლივი არ იქნება, რადგან მივაღწევთ დასახულ მიზანს) ვაპირებ დავრჩე სამოქალაქო სექტორში. ჩემი სტრატეგია იქნება, რომ მოვახერხოთ და ვისწავლოთ არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების სწორად ჩატარება, ის, თუ როგორ დავდგეთ კანონის სადარაჯოზე და როგორ მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან, იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და არა პირიქით, როგორც ეს დღეს ხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, ეს პოზიცია არ არის დღეს მიღებული გადაწყვეტილება.
"ეს პოზიცია ყოველთვის მინდოდა დამეფიქსირებინა, თუმცა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მე, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, მომივიდა შეცდომა. მხედველობაში მაქვს ის, რომ სამოქალაქო სექტორში ყოფნის სურვილი მქონდა მაშინაც, როდესაც მე-9 არხს კანონის სადარაჯოზე მყოფ ტელევიზიად მივიჩნევდი, რომლის ჩამოყალიბებაში მქონდა გარკვეული წვლილი შეტანილი", - განაცხადა მან.
ივანიშვილის განცხადებით, იმ პერიოდში "რუსთავი 2"-ს ჰქონდა ძალიან კარგი პოზიცია და ძალიან კარგად ასრულებდა იმ მოვალეობას, რაც შეიძლებოდა მედიას ჰქონოდა.
"ჩვენ ვიყავით სადარაჯოზე, თუ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრებოდა. თუმცა რევოლუციის შემდეგ აღარ დავრჩით სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, რადგან გვეგონა, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა ის მთავრობა, რომელზედაც საქართველოს მოსახლეობა ოცნებობდა", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღევანდელ სიტუაციას კარგად აცნობიერებს.
მისი განცხადებით, მთავრობამ იდეოლოგიად გაიხადა ძალადობა. ისინი ამით ცდილობენ საზოგადოებაში შიშის დანერგვას და მასების პასიურობას, რაც გარკვეულწილად მიღწეულია კიდეც.
"ჩვენი ვალია, მოვახერხოთ საზოგადოების გააქტიურება იმ უკანონო ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანში ხორციელდება. მე და ჩემი გუნდი მუდმივად ვიქნებით თქვენთან ერთად. უნდა მოვახერხოთ იმ რეპრესიული მანქანის შესუსტება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. თქვენთან ერთად მინდა დავსახო მოქმედების გეგმა იმისთვის, რათა მოვახერხოთ საზოგადოების ნაწილის ჩართვა ამ მანქანის შეჩერებაში. შევიმუშაოთ ერთიანი გეგმა", - განაცხადა მან.