დაცვის დეპარტამენის მოთხოვნის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ათმა თანამშრომელმა იარაღი ჩააბარა. რეზიდენციის დაცვის ათი თანამშრომელი დაცვის პოლიციის შტატში ირიცხებოდა, შესაბამისად ისინი ვალდებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ საკუთარი ხელმძრვანელობის მოთხოვნებს.
ბიძინა ივანიშვილთან რჩებიან მისი პირადი დაცვის წევრები. ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ივანიშვილის რეზდიდენციის დაცვის თანამშრომლებს.
როგორც "ჯი-ეი-ენს" ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, 18 ოქტომბერს, საღამოს 21 საათზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მირიან ბაიდაშვილმა დაურეკა ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს და მოსთხოვა დაცვის კუთვნილი იარაღის ჩაბარება.
"მას შემდეგ რაც, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს ტელეფონით მოსთხოვა განმარტება, თუ ვისი დავალების ქვეშ მოქმედებდა და ვინ გასცა ბრძანება ივანიშვილის დაცვის განიარაღებაზე, რა სამართლებრივი მოტივით, მირიან ბაიდაშვილი დაიბნა, მან ვერ დაასახელა ამ ბრძანების გამცემი კონკრეტული პირი, ვერც საფუძველი და მოტივი"., - აცხადებს ივანიშვილის პრესსამდივნო.