სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული დღეები გაიმართა. ვარშავის ცენტრში, სამი დღის განმავლობაში პოლონელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უფრო ახლოს გაეცნოთ საქართველო, მისი საუკუნოვანი ტრადიციები და კულტურა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორაციით, სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამა, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს აგრარული პროდუქციის პოპულარიზაცია და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვაა. ამისათვის, ვარშავის ცენტრში, ზამკოვის მოედანზე მდებარე ორ ყველაზე ცნობილ და პრესტიჯულ რესტორანში ნებისმიერ მსურველს ტრადიციული ქართული კერძების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დაგემოვნება შეეძლოთ.
ამავე დროს, ყოველ საღამოს იმართებოდა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ღვინის დეგუსტაცია, გიგანტური ხაჭაპურის დაგემოვნება და საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა.
ქართულ დღეებს პოლონეთში კონკრეტული შედეგებიც მოყვა. „პოლონელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა დაამყარეს საქმიენი ურთიერთობები. რამდენიმე პრესტიჟულმა რესტორანმა სწორედ ქართული დღეების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება გაემდიდრებინა თავისი მენიუ ქართული ალკოჰოლური ნაწარმით. ვფიქრობ, ის, რომ ამ რესტორნებში ვარშავის ცენტრში წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქცია, მნიშვნელოვანი წარმატებაა", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ კერესელიძემ.
ქართული დღეების მიმდინარეობას ვარშავაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ხელმძღვანელობდა: „პოლონეთში ძალიან მაღალია საქართველოს ცნობადობა, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი არის ქართული პროდუქციის პოპულარობის გაზრდაა. ამ მიზნით ჩატარდა მაშტაბური ღონისძიებები, რომელთა შედეგადაც გაფორმდა კონკრეტული ხელშეკრულებები ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის. მომავალი წლისთვის ჩვენ გვექნება მილიონნახევარი ბოთლი ღვინის ექსპორტი პოლონეთის ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კომპანიებისთვის და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია პოლონეთის ბაზარზე ექსპორტის დინამიური ზრდისთვის".
ყოველ დღე, ამ ღონისძიებების შემდეგ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სუხიშვილების და ქართული ხმების კონცერტები იმართებოდა.