რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ძირითად პრიორიტეტად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის მყარი უსაფრთხოების შექმნა რჩება. მოლაპარაკებათა მე-17 რაუნდი, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ჯენევაში გაიმართება. რუსულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს.
"კვლავინდებურად ბოლომდე დაურეგულირებელია ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი, ერთის მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს შორის. რუსული მხარე კი, როგორც ცნობილია, მზადყოფნას აცხადებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი გახდეს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განცხადებით, რუსულ მხარეს იმედი აქვს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
"ასევე გაგრძელდება ჰუმანიტარული თემატიკის განხილვა, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, საზღვრის გადაკვეთისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების გაწევის საკითხი", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.