ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს; უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.
ის ეხმიანება ბათუმის სტადიონზე, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშისა“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას.
გვარამია აზიარებს ბათუმში მომხდარზე ერთ-ერთი თურქი მსახიობის მიერ დაწერილს პოსტს, სადაც ის საქართველოს უარყოფითად წარმოაჩენს. გვარამიას შეფასებით, ეს არის თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
„ქართველი სერიალების მაყურებლებისთვის კარგად ცნობილი მურატ ოზთურქის პოსტით თუ კომენტარით დავიწყებ:
„სერიოზულად ლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელშიც ქრთამით ყველაფერს იყიდი, რომელიც ცნობილია იაფფასიანი სექსის ტურიზმით, თავშესაფარს აძლევს კრიმინალურ ბოსებს და ფულის გათეთრებისა და იატაკქვეშა აზარტული თამაშების სამოთხედაა ქცეული?“
აი, ესაა თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თურქეთის, რომლის ხელისუფლებაში უამრავი ძალიან მაღალი რანგის ლაზი და გურჯი თანამდებობის პირია და უამრავი ეთნიკურად ქართველი დედის გაზრდილი, სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილი მოღვაწე. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მუხლებზე დაყენებული ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს გინდა თურქეთს, გინდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს (მარტო ირანის ელჩის განცხადებები რად ღირს). იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც პატივს არ სცემენ და რომლისგანაც საკუთარი ღირსების დაცვას არ ელიან.
ასეთ ქვეყნად აქცია საქართველო ივანიშვილმა. რაც შეეხება გუშინდელ დღეს: ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!
ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რასთან გვექნებოდა საქმე, რა მძიმე მოვლენები განვითარდებოდა და როგორ წახდებოდა ჩვენი იმიჯი მთელი მსოფლიოს თვალწინ. იცოდა და ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ რომ დიდი ფულის სუნი იგრძნო.
ბათუმი 82-იც ყველასთვის ცნობილი იყო (ყველგან ასე შვრებიან თურქი გულშემატკივრები, უბრალოდ ქალაქების სახელებს ცვლიან); ისრაელის ფაქტორის გამო მუსლიმური ქვეყნის Free Palestine პლაკატები რომ გაიშლებოდა და დამატებითი აგრესიის წყარო იქნებოდა, ისიც;
მარბიელი რომაა ბეშიქტაშის ფანკლუბი, ისიც;
ბათუმს რომ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს ამ ყველაფრის მიმართ (ისტორიული მიზეზების გამო), ისიც და ისიც კი არ ქნეს, რომ სხვა ქალაქი მაინც აერჩიათ და არა ბათუმი. ფულის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს და შედეგად ის მოიტანეს, რომ თავისი უპასუხისმგებლობით და უუნარობით და შემდეგ უკვე მშიშრობით და ცვედნობით ქვეყანა დაამცირეს;
ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს;
უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე! - წერს გვარამია.