რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად ნატო-ს ძალების გამოყენება ალიანსის სამხედრო მოქმედებებში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა.
ამის შესახებ დანმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მას ჰკითხეს, უჭერდა თუ არა მხარს პოლონეთის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს ძალებს უკრაინის ცაში რუსული დრონებისა და რაკეტების ჩაჭრა უნდა შეძლებოდათ.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებმა ეს საკითხი დაახლოებით ერთი წლის წინ შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მსგავსი ნაბიჯი სამხედრო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას ნიშნავდა.
„როდესაც ეს საკითხი დაახლოებით ერთი წლის წინ შევისწავლე, დასკვნა იყო, რომ ეს სამხედრო მოქმედებებში ერთობლივ მონაწილეობას ნიშნავდა. თუ რამე შეიცვლება, ამის შესახებ შეგატყობინებთ, მაგრამ ეს არის ის, რაც მახსოვს რუმინეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მაშინ გამართული განხილვებიდან“, - განაცხადა დანმა.
შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრისას დანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ევროკავშირის ლიდერები შეხვედრის ფარგლებში არაფორმალური დისკუსიების დროსაც განიხილავენ.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომის მთავარი თემა 2028–2034 წლების ევროკავშირის ბიუჯეტია, თუმცა ლიდერებთან არაფორმალური საუბრისას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხიც წამოიჭრება.
„ეს არის ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ერთ კონკრეტულ საკითხს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების პრეზენტაციაც გაიმართება და ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული დისკუსიაც შედგება, ამ სხდომის მთავარი თემა 2028–2034 წლების ევროპული ბიუჯეტია. ლიდერებთან არაფორმალური საუბრისას კი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხიც განიხილება“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, პოლონეთმა ნატო-ელ მოკავშირეებს მოუწოდა, განიხილონ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, თუ ისინი ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიისკენ მიემართებიან.