გამოცემა Bild-ის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი გეგმა უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ მთელი დონბასის დათმობასა და ფინეთის ნატო-დან გასვლას ითვალისწინებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი გეგმაა, რომელსაც მოლაპარაკებების არაფორმალურ წრეებში განიხილავენ.
რუსული გეგმის მიხედვით, მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს და მთელ დონბასს მიიღებს, მათ შორის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების იმ ნაწილებსაც, რომლებსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს.
გარდა ამისა, უკრაინამ ბლოკგარეშე სტატუსი უნდა მიიღოს და უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუმცა ევროკავშირში მისი წევრობა გამორიცხული არ არის.
რუსეთი ასევე ოდესისა და ნიკოლაევის პორტების დემილიტარიზაციას ითხოვს, რათა უკრაინამ ისინი სამხედრო-საზღვაო ბაზებად ვერ გამოიყენოს.
გარდა ამისა, შეთავაზებულია შავ და ბალტიის ზღვებში თავისუფალი ნაოსნობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება.
ამასთან, რუსეთმა „ევროპის უსაფრთხოების ახალი წესრიგის“ შესახებ მკაცრი პირობებიც წამოაყენა. ეს მოთხოვნები აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს ევროპელ წარმომადგენლებსაც წარუდგინეს.
კერძოდ, რუსეთი მოითხოვს, რომ ნატო-მ ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარი თქვას, ხოლო ფინეთმა ალიანსი დატოვოს.
მოსკოვის გეგმა მოლდოვასაც ეხება. რუსეთი ქვეყნის ფედერაციულ რესპუბლიკად გარდაქმნას სთავაზობს, რომელიც უშუალოდ მოლდოვისგან, მის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რეგიონი გაგაუზიისა და არაღიარებული დნესტრისპირეთისგან იქნება შექმნილი.
გეგმის მიხედვით, ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების შემთხვევაში, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმების ჩატარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
ამის სანაცვლოდ, რუსული მხარე ბელარუსიდან ბირთვული იარაღის გატანასა და იქ საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე უარის თქმას სთავაზობს. გარდა ამისა, მოსკოვი მზად არის, დნესტრისპირეთიდან საკუთარი ჯარებიც გაიყვანოს.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარია მხოლოდ ერთ-ერთ წინადადებაზე, რომელსაც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილავენ.
„პარალელურად მოქმედებს შუამავლების რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სამხედროებთან არიან დაკავშირებული. ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ და ჯერჯერობით უცნობია, დაუჭირა თუ არა ვლადიმირ პუტინმა მხარი სწორედ ამ გეგმას“, – წერს Bild.