უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დნიპროს გასწვრივ უკრაინის ორად გაყოფას ცდილობს.
ზელენსკის თქმით, რუსეთის სამიზნე უკრაინის ხიდები და ენერგეტიკული ქსელებია, რითაც მოსკოვი ცდილობს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს შორის კავშირი დააზიანოს და მოსახლეობას ცხოვრება გაურთულოს.
„ბევრი, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი იმ ოლქების, ქალაქებისა და თემებისთვის, რომლებსაც რუსეთის დარტყმების გამო ყველაზე მეტად უჭირთ. დეტალურად განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოპერაციას უკავშირდება ჩვენი ხიდებისა და ენერგეტიკული ქსელების წინააღმდეგ. რუსეთი დნიპროს გასწვრივ უკრაინის გაყოფას და ჩვენი მოქალაქეების, ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის ცხოვრების მაქსიმალურად გართულებას ცდილობს“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
Financial Times-ის ცნობით, ზელენსკიმ რუსეთის ამ განზრახვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ბოლო საუბრის დროსაც განაცხადა.
მანამდე, ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ამჟამად მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობენ.