აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება.
კუშნერის თქმით, ეს 2026 წლის თებერვლის შემდეგ პირველი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება.
„მომდევნო კვირაში, აბუ-დაბიში, შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთთან ერთად თებერვლის შემდეგ პირველ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ორივე მხარესთან ვმუშაობდით სერიოზული წინადადებების შემუშავებაზე, რათა მოლაპარაკებები მაქსიმალურად შინაარსიანი და შედეგიანი იყოს.
პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობის მიღწევა პრიორიტეტად განსაზღვრა. ჩვენი ყურადღება მიმართულია იმ რთულ და დეტალურ სამუშაოზე, რომელიც ამ მიზნის ყოვლისმომცველ და მდგრად შეთანხმებად გარდაქმნას სჭირდება“, - წერს კუშნერი სოციალურ ქსელ X-ზე.
მისივე ინფორმაციით, ბრიუსელში აშშ-ის დელეგაციამ უკრაინის, ნატო-სა და ევროპელი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან შინაარსიანი დისკუსიები გამართა. შეხვედრებზე განიხილეს მდგრადი მშვიდობის ორი ურთიერთდაკავშირებული საკითხი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურა.
„ყველა მხარესთან ინტენსიურად ვმუშაობთ პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რომლებიც ამ ომს დაასრულებს და მდგრადი მშვიდობის საფუძველს შექმნის. ჩვენი მიზანია, ყველა მხარის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება პრაქტიკული, ურთიერთშეთანხმებული შეთანხმებებით აღმოვფხვრათ და ამით მომავალი კონფლიქტების რისკი შევამციროთ“, - განაცხადა კუშნერმა.