კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ შტატში ყველა, 548 სიკვდილმისჯილ პატიმარს შეიწყალებს. ამის შესახებ ნიუსომმა საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.
„საჯარო სამსახურში თითქმის 30-წლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს ზღვარი იმისა, თუ რისი სამართლიანად განხორციელება შეუძლია ხელისუფლებას. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მტკიცედ მჯერა: სახელმწიფოს მიერ სანქცირებული მკვლელობა კალიფორნიის ღირებულებებთან შეუთავსებელია“, -წერს ნიუსომი განცხადებაში.
ღია წერილში გუბერნატორი აღნიშნავს, რომ არასრულყოფილი მართლმსაჯულების პირობებში სახელმწიფოს მიერ ადამიანის სიკვდილით დასჯა სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპებთან შეუთავსებელია.
548 მსჯავრდადებულიდან 529 მამაკაცია, 19 კი — ქალი.
კალიფორნიის გუბერნატორი ასევე მიიჩნევს, რომ სამუდამო პატიმრობა ყველაზე მკაცრი სასჯელია, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია პატიმარს დააკისროს.
„როგორც გუბერნატორი, მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებასა და მის შედეგებზე, ისევე როგორც მხოლოდ მე ვიღებდი პასუხისმგებლობას თითოეულ სიკვდილით დასჯაზე“, – განაცხადა ნიუსომმა.
დემოკრატი გუბერნატორი, რომელიც 2028 წელს, სავარაუდოდ, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოლებს, კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე მეორე და ბოლო ოთხწლიანი ვადის დასრულებას უახლოვდება.