ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთში, რუმინეთსა და იტალიაში, სამგზავრო თვითმფრინავები ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების გამო აეროპორტებში დაეშვნენ.
მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს პრაღისკენ მიმავალ ოთხ თვითმფრინავზე ბომბის აფეთქების მუქარის შესახებ შეტყობინებები მიიღეს. სამართალდამცველებმა და აეროპორტის პერსონალმა უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა გაატარეს ისე, რომ მგზავრებსა და საჰაერო მიმოსვლაზე გავლენა მინიმალური ყოფილიყო.
თვითმფრინავების დაშვების შემდეგ მათ ბორტებზე შემოწმება დაიწყო. პოლიციის განცხადებით, მუქარის სერიოზულობის ხარისხი დაბალია, თუმცა სამართალდამცველები საფრთხეს სათანადოდ აფასებენ. ინციდენტების გამო ვაცლავ ჰაველის სახელობის პრაღის აეროპორტის მუშაობა არ შეზღუდულა.
იმავე დღეს რუმინეთის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბომბის აფეთქების მუქარის შესახებ შეტყობინება მიიღეს Wizz Air-ის თვითმფრინავზე, რომელიც მილანიდან ბუქარესტში მიფრინავდა. თვითმფრინავი რუმინეთის დედაქალაქში უსაფრთხოდ დაეშვა.
ბუქარესტის აეროპორტში უსაფრთხოების ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ პიროტექნიკური ჯგუფი, მეხანძრეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. შემოწმებები დასრულდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დარწმუნდება, რომ საფრთხე არ არსებობს.
ბუქარესტის ჰენრი კოანდას სახელობის აეროპორტში კრიზისული მართვის ცენტრი შეიქმნა. რუმინული მედიის ინფორმაციით, რეისის 182 მგზავრსა და ეკიპაჟის შვიდ წევრს თვითმფრინავიდან ტერმინალში გადაიყვანენ.
იტალიაში კი ცნობილი გახდა ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ თვითმფრინავზე, რომელიც ჰელსინკიდან რომში მიფრინავდა. რეისს ფიუმიჩინოს აეროპორტამდე იტალიის საჰაერო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ.
კიდევ ორ შემთხვევაში, საფრთხის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, თვითმფრინავებს კურსის შეცვლა მოუწიათ. ავიაკომპანია Aer Lingus-ის თვითმფრინავმა, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა, იძულებითი დაშვება საფრანგეთის ევროს აეროპორტში, ფრანგული გამანადგურებლების თანხლებით განახორციელა. Wizz Air-ის თვითმფრინავი კი, რომელიც მილანიდან ვარშავაში მიფრინავდა, ვენის აეროპორტში გადაამისამართეს.
იმავე დღეს ბულგარეთის დედაქალაქისკენ მიმავალმა სამმა თვითმფრინავმა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო, თუმცა სამივე მათგანი უსაფრთხოდ დაეშვა.
მსგავსი შემთხვევა მოხდა ბელგიაშიც. პოლონური ავიაკომპანია LOT-ის თვითმფრინავი, რომელიც ვარშავიდან ბრიუსელში მიფრინავდა, ბომბის აფეთქების მუქარის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ბელგიის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.